საგამოძიებო კომისია პარლამენტში

ორშაბათს პირველ სხდომას გამართავს კომისია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნები უნდა შეისწავლოს.

შექმნიდან თითქმის სამი თვის თავზე დროებით საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიას სამუშაო ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივეს. თუმცა, შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიცია კომისიის მუშაობაში ჩართვას არ აპირებს იმ არგუმენტით, რომ შეთანხმების გაფორმების და საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემდეგ საგამოძიებო კომისიის საკითხმა აქტუალობა დაკარგა.

ოპონენტების პოზიცია გაუგებარია მმართველი გუნდისთვის, რომლისთვისაც ოპოზიციური პარტიების თანხმობა და კომისიაში მონაწილეობა ერთგვარი ტესტია იმაში დასარწმუნებლად, აქვს თუ არა ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტები. პროცედურის მიხედვით, საგამოძიებო კომისიამ მტკიცებულებები უნდა შეისწავლოს და კონკრეტული პირები, პირველ რიგში კი საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის ის წარმომადგენლები უნდა გამოკითხოს, რომლებმაც ოქმებს ხელი მოაწერეს. კომისიის წევრებს ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოკითხვის უფლებაც აქვთ, თუმცა უცნობია, გამოიყენებენ თუ არა ამ უფლებას.