დღეს საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცვები და დემონსტრაციებია დაგეგმილი. აქციის მონაწილეები საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს საბიუჯეტო გეგმას ეწინააღმდეგებიან, რომელიც ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. როგორც ფრანგული მედია წერს, სავარაუდოდ, ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია იქნება. ხელისუფლების ცნობით, დემონსტრაციებზე დაახლოებით 800 000 ადამიანს ელოდებიან, ხოლო გაფიცვა გავლენას მოახდენს სკოლების, ტურისტული ობიექტებისა და ტრანსპორტის მუშაობაზე. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ საფრანგეთის მასშტაბით, უკვე 220-ზე მეტი აქციაა დაგეგმილი, რაოდენობა კი კვლავ იზრდება. დემონსტრაციები გაიმართება პარიზში, ლიონში, მარსელში, ნიცაში, ლილსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში. როგორც ფრანგული მედია წერს, მოსალოდნელია, რომ თანამშრომლების გაფიცვის გამო, მეტროს მუშაობა თითქმის სრულად შეჩერდება. შეჩერდება რეგიონული მატარებლების მიმოსვლაც. როგორც მედია წერს, გაფიცვის შესახებ განცხადებები პარიზის საავადმყოფოებმაც შეიტანეს. ეროვნულ გაფიცვას უერთდებიან სააფთიაქო ქსელების თანამშრომლებიც და ვარაუდობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ათიდან ცხრა აფთიაქი დახურული იქნება. ასევე, ქვეყნის მუზეუმებმა, შესაძლოა, შეზღუდული დროით იმუშაონ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების უდიდეს ძალას განათავსებენ, კერძოდ, 80 000 პოლიციელს და ჟანდარმს, 24 ჯავშანმანქანას, წყლის ჭავლის ათ მანქანას და სათვალთვალო დრონებს. მედიის ინფორმაციით, ასეთი მობილიზაცია 2018 წლის შემდეგ არ ყოფილა.