ევროპის რამდენიმე ქვეყანამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის, მონაკოს, მალტის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად და მშვიდობის დასამყარებლად ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტა ყველაზე სწორი არჩევანია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ისრაელმა და პალესტინამ ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ. მაკრონის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება არის „ჰამასის“ დამარცხება. მონაკოს პრინცმა, ალბერტ მეორემ კი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სამიტზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავიდანვე იცავდა ისრაელის უფლებას, „იცხოვროს უსაფრთხო და აღიარებულ საზღვრებში და ისარგებლოს უსაფრთხოებით“, ასევე „პალესტინელი ხალხის უფლებას, ჰქონდეს სუვერენული, სიცოცხლისუნარიანი და დემოკრატიული სახელმწიფო“.