ისევ შეფასებების თემაა საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოების განცხადებები, რომელსაც ხელისუფლება ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმად განიხილავს. ორივე დიპლომატიურმა უწყებამ გამაფრთხილებელი ინფორმაცია ორი დღის წინ გაავრცელა და საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის შემთხვევაში, რისკ-ფაქტორების გაანალიზებისკენ მოუწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარის მკაცრი განცხადების შემდეგ, დღეს ამ საკითხზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. თემაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ კონკრეტული სტატისტიკა მოიყვანა და თქვა, რომ უვიზო რეჟიმის მიუხედავად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე საქართველოს ათასზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი. ეს კი იმ ფონზე, რომ მთავრობის მეთაურის თქმით, ამავე ქვეყნებიდან საქართველოს საზღვარზე შემოსვლა 100 ათასიდან 25-მა მოქალაქემ ვერ შეძლო.