საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, მარსელში, ბორდოში, ნიცაში, ლიონსა და ლილში ნაწილობრივი კომენდანტის საათი დაწესდა. იზღუდება სხვადასხვა ფორმით ახალგაზრდების გადაადგილება და შეკრებები, პარიზის რამდენიმე უბანში კი დემონსტრაციები აიკრძალა. ამასთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც არ გამორიცხა. ლეკორნუმ ქვეყანაში შაბათ-კვირას მომხდარი მასშტაბური არეულობისა და ძარცვის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების „მასშტაბური ოპერაცია“ დააანონსა. მისი თქმით, მხოლოდ პარიზის რეგიონში 200 გამომძიებელი იმუშავებს. ისინი შაბათ-კვირას მომხდარი მოვლენების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს შეისწავლიან, რათა ძალადობასა და ძარცვაში მონაწილე პირები გამოავლინონ. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით 2 500-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, რომელთა ნაწილი კვლავ პატიმრობაში რჩება. შაბათ-კვირას გამართულ საპროტესტო აქციაზე, ქალაქ ლიმოჟში დემონსტრანტების მიერ გაჩენილმა ხანძარმა XIX საუკუნის, მერიის ისტორიული შენობა თითქმის მთლიანად გაანადგურა. ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტებმა დაახლოებით 2000 მაღაზია და სავაჭრო ობიექტი დააზიანეს და გაძარცვეს. აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაახლოებით 1 000 პოლიციელი და ჟანდარმია დაშავებული. მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ კი 24 ოქტომბრიდან აქციების განახლებას აანონსებს.