საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა - გამოხმაურებები

საფრანგეთის ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა, მიზეზად კი ქვეყნის სამართავად საჭირო პირობების შეუსრულებლობა დაასახელა. სებასტიან ლეკორნუმ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება, მთავრობის ახალი შემადგენლობის დასახელებიდან რამდენიმე საათში მიიღო და მისი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა უკვე დააკმაყოფილა. სებასტიან ლეკორნუმ მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე სულ 27 დღე იმუშავა, რაც საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მოკლე ვადაა. ახალ მთავრობას, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პარტიები უნდობლობის გამოცხადებით დანიშვნისთანავე დაემუქრნენ. 9 სექტემბერს დანიშნული მთავრობის მეთაური, 5 ოქტომბერს თავისი მთავრობის ნაწილის წარდგენის შემდეგ, ოპონენტების და მემარჯვენეების კრიტიკის ობიექტი გახდა. რაც შეეხება საფრანგეთის მთავრობის ახალ შემადგენლობას – ფინანსთა მინისტრი რონალ ლესკურე იქნება. ფინანსთა ყოფილი მინისტრი ბრუნო ლე მარი კი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. რამდენიმე მინისტრი თანამდებობაზე დარჩა, მათ შორის ჟან-ნოელ ბარო საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბრუნო რეტილო შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჯერალდ დარმანინი იუსტიციის სამინისტროში.

საფრანგეთის პრეზიდენტის იმპიჩმენტის შუამდგომლობის დაუყოვნებლივ განხილვას მოითხოვს ულტრამემარცხენე პარტიის, „უშიშარი საფრანგეთის“ ლიდერი. ჟან-ლუკ მელანშონის განცხადებით, პარლამენტის 104-მა წევრმა ეს წინადადება მას შემდეგ წარადგინეს, რაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი პოსტიდან გადადგა. ულტრამემარჯვენეები კი სებასტიან ლეკორნუს მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, ჯორდან ბარდელას თქმით, ერთმნიშვნელოვანია რომ უახლოეს კვირებში, ან თვეებში განმეორებითი არჩევნები გაიმართება და პარტია მზად იქნება მასზე პასუხისმგებლობა აიღოს. ეროვნული ასამბლეის დათხოვნას „აბსოლუტურად გარდაუვლად“ მიიჩნევს მარინ ლე პენიც.