საფრანგეთი: პარიზში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, ლუვრი დაიკეტა (ვიდეო)

12:06, 21.10.2026

ორშაბათს პარიზში ლუვრის მუზეუმი მას შემდეგ დაიხურა, რაც სტუდენტებმა მისი პირამიდის ფორმის შესასვლელი გადაკეტეს. ამით მათ უფროსკლასელთა საპროტესტო მოძრაობას დაუჭირეს მხარი და პოლიციის მიერ აქციების დარბევა გააპროტესტეს.

„ძვირფასო სტუმრებო, სტუდენტური გაფიცვების გამო, მუზეუმი ამჟამად დაკეტილია. შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიშს გიხდით“, – ნათქვამია მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სკოლებში შექმნილი პირობების გასაპროტესტებლად, აქციები გასული თვის ბოლოს დაიწყო და მოგვიანებით, თანდათან გაფართოვდა.

კვირას, მთელი საფრანგეთის მასშტაბით, ქუჩებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციები ზოგ ადგილას ძალადობაში გადაიზარდა – ჩაიმსხვრა ფანჯრები და გაიძარცვა მაღაზიები, ქუჩები და ტროტუარები კი ნამსხვრევებით და ნაგვით გაივსო.

შაბათ-კვირას მომხდარი არეულობების დროს, დაახლოებით 2 400 ადამიანი დააკავეს, ხოლო 1 000-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა, რომ ზოგიერთ ქალაქს კომენდანტის საათის ნაწილობრივი შემოღების უფლებამოსილება მიანიჭა.

სტატიის ავტორი: [email protected] – ESN

ფოტოს/ვიდეოს ავტორი: @im_sukiki

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი, 2026 წელი, 23:00 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი