საფოსტო მარკის პრეზენტაცია
თბილისის საკრებულოში დიდი ქართველი მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ქალაქის თავად არჩევის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის, „ტფილისის ქალაქის თავი – დიმიტრი ყიფიანი 150 წელი“ პრეზენტაცია გაიმართა.
საფოსტო მარკა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით და საქართველოს ფოსტის ორგანიზებით გამოიცა. საიუბილეო საფოსტო მარკაზე გამოსახულია დიმიტრი ყიფიანის პორტრეტი და საკრებულოს სხდომათა დარბაზი, მარკის მცირე ფურცელზე კი – ასახულია თბილისის საკრებულოს შენობა და დიმიტრი ყიფიანის ხელმოწერა. საკრებულოს თამარ მეფის დარბაზი, 2015 წლიდან დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს. დარბაზში განთავსებულია მისი ბიუსტი, საკრებულოს შიდა სივრცეში კი – დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე ფუნქციონირებს. დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი მარკის გამოშვება, მიზნად ისახავს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ქართული ისტორიის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას.