„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის.
კანონპროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს. როგორც განმარტებით ბარათში წერია, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის აუცილებლობა გამოწვეულია სათამაშო ბიზნესისა და თამბაქოს ინდუსტრიის სფეროში ცალკეული საკითხების მოწესრიგების აუცილებლობით. დოკუმენტის თანახმად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ონლაინ აზარტული თამაშების გამართვის ლიცენზიას ფლობენ, მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაეზრდებათ. ამასთან, თამბაქოს ცალკეულ პროდუქტზე აქციზის განაკვეთი იზრდება. საუბარია ერთი სიგარეტის კოლოფზე აქციზის 20 თეთრით, 1.70-დან 1.90 ლარამდე გაზრდაზე. ხოლო 15 თეთრით, 1.85 ლარამდე გაიზრდება ასევე აქციზის განაკვეთი გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აზარტული თამაშების მიმართულებით, ცვლილების შედეგად ბიუჯეტში დამატებით 115 მილიონი ლარი შევა. ხოლო სიგარეტზე აქციზიდან მიღებული შემოსავლებით, ქვეყნის მთავარი ხაზინა დამატებით თითქმის 77 მილიონ ლარს მიიღებს.