საფეხბურთო აკადემია რუხში 

ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია დღეს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.

გიორგი გახარია სტადიონზე ფეხბურთელებსაც გაესაუბრა და ხაზი გაუსვა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების მნიშვნელობას. პროექტის ფარგლებში, ადგილზე ერთი ბუნებრივ საფარიანი და ორი ხელოვნურ საფარიანი მოედანი მოეწყო, დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, ტრიბუნები, აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ფუნქციონირებს სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სასადილო, სამრეცხაო, მსაჯისა და სამედიცინო ოთახები. ახალი სასწავლო წლიდან აკადემიაში 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება. საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ. რუხის აკადემიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს, შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიაში უფასოდ ცხოვრობენ და საფეხბურთო და ზოგად განათლებას იღებენ.