„საფარი“ შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ

ორგანიზაცია #საფარი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებაში  ადანაშაულებს.  საუბარია,  31 მაისს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარ შემთხვევაზე,  როდესაც მოქმედმა პოლიციელმა, პარტნიორ ქალს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა, მისი ყოფილი მეუღლე კი მოკლა. ორგანიზაციის წარმომადგენლები, პატრულ-ინსპექტორებს, რომლებიც შემთხვევის  ადგილზე  გამოძახების შემდეგ მივიდნენ,  სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, პატრულის თანამშრომლები არ შეეცადნენ მოძალადის დროულად გაყვანას, რისი დამადასტურებელი ფაქტიც მათ სამხრე კამერაზე არსებულ ჩანაწერშია ასახული.  ,,საფარი” პატრული თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამასთან, მისი წარმომადგენლების განცხადებით, დაზარალებულმა, გასულ წელს, პოლიციას პარტნიორის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმართა, რის შემდეგაც პოლიციამ მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულის ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება უკვე დაწყებულია. რაც შეეხება პოლიციის მხრიდან ძალადობაზე შესაძლო არასათანადო რეაგირების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით, გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე პოლიციის თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები განხორციელდა.