„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა

ცხრა დეპუტატი რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე ითხოვს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა.

კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა, რომელსაც ხელს აწერენ ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

ბესელიას განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნა წარდგენილი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში. მისი თქმით, იუსტიციის საბჭომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა შეაჩეროს.