საერთაშორისო ტენდერი ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებისთვის

ანაკლიის პორტის ასაშენებლად შესაბამისი კომპანიის მოძიება დასკვნით ფაზაშია.

სატენდერო დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა იმ ოთხ უცხოურ კომპანიას, რომლებიც ხელისუფლებამ საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის დახმარებით შეარჩია. ტენდერში გამარჯვებულმა საზღვაო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს და პორტის ტერიტორიაზე ზღვის ფსკერის დაღრმავება უნდა უზრუნველყოს. ახლა ოთხმა კომპანიამ სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც სატენდერო კომისიის მხრიდან არჩევანი ერთ-ერთ მათგანზე გაკეთდება. სამუშაოების დაწყება ანაკლიაში ზაფხულში იგეგმება. რაც შეეხება ინვესტორს, სავარაუდოდ, მაისში გახდება ცნობილი, ვინ იქნება მასშტაბურ პროექტში სახელმწიფოს პარტნიორი.