საერთაშორისო საზაფხულო სკოლა
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საერთაშორისო საზაფხულო სკოლის – „მემკვიდრეობა, მეცნიერება, არქეოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“ პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, ქართველ სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობენ ახალგაზრდები ბაქოს, ანკარისა და პრაღის უნივერსიტეტებიდან, აგრეთვე ფერეიდნელი ქართველი. სკოლას უკვე მესამე წელია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს. საზაფხულო სკოლა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ხელმძღვანელობით, გაეცნონ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის თანამედროვე მეთოდებს, არქეოლოგიაში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს, ასევე, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, მოინახულონ მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები და მუზეუმები.