საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაიზარდა

2024 წლის დეკემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 324 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამ ეტაპზე ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები თითქმის 4,5 მილიარდ დოლარამდეა. ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებელი რეზერვების ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. მათ შორისაა უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების ზრდა, სავალდებულო ნორმის ზრდასთან ერთად და ეროვნული ბანკის მიერ გასულ წელს შეძენილი მონეტარული ოქრო, რომელიც ოქროს საერთაშორისო ფასის მატების ფონზე, რეზერვების ზრდაზე დადებით გავლენას ახდენს. სავალუტო რეზერვების მოცულობის მატებას სპეციალისტები დადებითად აფასებენ, თუმცა ზრდის მიზეზებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვთ.