საერთაშორისო მოლაპარაკებების ანგარიში

საქართველოსა და უკრაინაში რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხეები დღის წესრიგის მთავარი თემა იყო პარლამენტში.

დეპუტატების შეკითხვებს ზურაბ აბაშიძემ და ლაშა დარსალიამ უპასუხეს. როგორ მიმდინარეობს და არის თუ არა პროგრესი აბაშიძე-კარასინის და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში – ეს იყო ძირითადი საკითხი, რასაც ორსაათიანი მოსმენა დაეთმო. მაშინ როდესაც საქართველოს გარშემო უსაფრთხოების გარემო გაუარესებულია, უკრაინაზე მორიგი სამხედრო თავდასხმის საშიშროება ყოველდღე იზრდება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უმძიმესი სიტუაციაა, კანონმდებლები დაინტერესდნენ, რა ზომებს იღებს ხელისუფლება  გამოწვევებზე საპასუხოდ, საერთაშორისო დონეზე საქართველოს საკითხის აქტუალიზაციისთვის და 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების შესრულებისთვის, რომელსაც რუსეთი მუდმივად თავს არიდებს.

დღევანდელი მოსმენის ნაწილი მედიისთვის დახურული იყო.