საერთაშორისო კონფერენცია ტალინში

„საქართველო იმდენად წარმატებული უნდა გახდეს, რომ მისი იგნორირება ვერავინ შეძლოს“ – ამის შესახებ „მოამბეს“ მაკკეინის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, დევიდ კრამერმა განუცხადა. მისი თქმით, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველო ნატო-სგან საკმარისს სიგნალებს არ იღებს, განსხვავებით ევროკავშირისგან, რომელმაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის, ასოცირებისა და ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა.

ექსპერტის განცხადებით, ამ კონტექსტში რეგიონში მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთი, რომელიც აგრესიას აგრძელებს. ეს კი გამოწვევაა იმდენად, რამდენადაც არასდროს იცი, პუტინისგან რას უნდა ელოდო, – აღნიშნავს კრამერი. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ედვარდ ლუკასი კი საქართველოს ეკონომიკაზე, სოციალურ პრობლემებსა და მართლმსაჯულებაზე ორიენტირებისკენ მოუწოდებს, რათა ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოების საკითხში უფრო აქტუალური გახდეს. ექსპერტები ტალინში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებიან, რომელსაც გუშინ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

დატოვე კომენტარი