საერთაშორისო გამოხმაურება ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკის საელჩო და მოუწოდებს რუს სახელმწიფო მოხელეებს, – რომლებიც დე-ფაქტო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე, – სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ.

მომხდარს გმობენ და პასუხისმგებელი პირების მკაცრად დასჯას ითხოვენ ლატვია, ესტონეთი და გერმანია.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიების ობიექტურად წარმართვისკენ მიუთითებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისიც. „შეშფოთებულნი ვართ 22 თებერვალს, ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო. მოვითხოვთ გამჭვირვალე გამოძიებას, მზადყოფნას გამოვთქვამთ მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს“ – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს ჟენევაში ინფორმაცია მიხეილ ჯანელიძემ პირადად მიაწოდა.