საერთაშორისო გამოხმაურება და მოწოდება დიალოგისკენ

ნიკა მელიას საქმის გამო საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინტერესი არ ნელდება.

ამჯერად ქვეყანამ მკაფიო გზავნილი ევროკავშირიდან მიიღო. ბრიუსელიდან ორივე მხარეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავების შემდეგ გამწვავებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ოპოზიციის კონსტრუქციული როლის გადამწყვეტ მნიშვნელობაზეც მიუთითებს და პარლამენტში შესვლას ურჩევს. დაახლოებით ეს სულისკვეთება იკითხება გერმანიის ელჩის განცხადებაშიც. თუმცა ჩიხში შესული მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივა მაინც არ ჩანს. სამი მოთხოვნის, მათ შორის ვადამდელი არჩევნების დაკმაყოფილების გარეშე, ოპოზიცია დიალოგის აზრს ვერ ხედავს.