„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება
არასამთავორობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოში პატიმრების სია გამოაქვეყნა, რომლებიც, მათი შეფასებით, პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. ორგანიზაციის განცხადებით, სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წელს მიღებული რეზოლუციით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე შემუშავდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განმარტებით, სია ეყრდნობა ევროსაბჭოს მიერ დამკვიდრებულ სამართლებრივ ტექსტს, რომელიც ხუთ კრიტერიუმს მოიცავს. ეს კრიტერიუმებია – ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებული დაკავება, დისკრიმინაციული მოპყრობა, ან მოპყრობა, რომელიც შეუთავსებელია სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მიკერძოებული მიდგომებით ხელმძღვანელობენ და დაკავებულები არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლებით არიან დაკავებულები.