„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  კვლევის შედეგებს აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა მოიცავდა კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 1% აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში, მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ; ასევე, კვლევის მიხედვით, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან შედარებით, საგრძნობლად დაბალია მოქალაქეთა ნდობა პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ, რომლებსაც სრულად ან მეტწილად ენდობა გამოკითხულთა მხოლოდ 17% და 20%, შესაბამისად,  გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ; გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

კვლევა ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. ის 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.