საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების მე-2 ტურს აფასებენ

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები აფასებენ.

ერთობლივი პრესკონფერენცია ეუთო-ს, ნატო-სა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიების ხელმძღვანელებმა გამართეს. მათი განცხადებით, მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, მაგრამ ყურადღება მახვილდება კამპანიის უარყოფით ხასიათზე.

ამომრჩევლის აქტიურობა პირველ ტურთან შედარებით დადებითად ფასდება. არჩევნებზე მისულთა რაოდენობის ზრდა მონიტორებს უჩენს ეჭვს გარკვეული დაშინების შესახებ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, კითხვები არსებობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან მიმართებაშიც. ნატო-ს სადამკვირვებლო მისიისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების განულების ინიციატივა, რაც შეიძლება ხმების ყიდვად იყოს მიჩნეული.

დამკვირვებლები წუხილს გამოთქვამენ, რომ პირველი ტურის დროს მათ მიერ დაფიქსირებული ნეგატიური ტენდენციები მეორე ტურზეც არსებობდა. აქცენტი კეთდება ნეგატიურ კამპანიაზე, რამაც მათი შეფასებით, შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას.

დამკვირვებლები აცხადებენ, რომ პირველ ტურთან შედარებით, რიგ მიმართულებებში ფიქსირდება პროგრესი, თუმცა არის მიმართულებები, სადაც ვითარება გაუარესდა.

მეორე ტურს ეხმაურება NDI-იც. ორგანიზაციის პოზიციით, არჩევნების დღემ ძირითადი წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა. NDI-ში იმედოვნებენ, რომ ვითარება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბევრად უკეთესი იქნება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნების პროცესს აჯამებენ.

ერთობლივი პრესკონფერენცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.