სადგურის მოედნის მიმდებარედ შენობა ჩამოინგრა
სადგურის მიმდებარედ სამძებრო-სამაშველო ღონისძიება გვიან ღამით დასრულდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი – ქალი და მამაკაცია დაღუპული. კიდევ ერთი ქალი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ, ჩართული იყო მძიმე ტექნიკაც. მომხდარიდან მალევე ტერიტორიიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი გამგეობის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილეს, თუმცა, სამმა ოჯახმა შენობის დატოვებაზე უარი განაცხადა. მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მაკა ლაშხიას ჩართვა პირდაპირ ეთერში #მოამბე