სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი 15 თებერვალს იმსჯელებს

15 თებერვალს გახდება ცნობილი, შეუწყდება თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს. საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მიიღებენ. სხდომას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა წარედგინება, რომელმაც სამივე მათგანისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა, თუმცა კომიტეტის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ მათ სამართლებრივი საკითხებით იხელმძღვანელეს, პლენარულ სხდომაზე კი დეპუტატები პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

როგორი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს 14 თებერვალს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სწორედ უმრავლესობის ფორმატში მოხდება ამ საკითხზე მსჯელობა. ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში საკითხის განხილვის მიზეზი სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.