სადავო ტერიტორია დავით გარეჯთან

დავის საგანი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ერთი მესამედია, სწორედ ამ სადავო ზონაში მდებარეობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი.

განახლებული ორმხრივი კომისია, რომელიც  წინა კვირას ბაქოში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბა, დაახლოებით 14 სადავო მონაკვეთზე მსჯელობს. პარალელურად, საკითხი აქტუალობას არ კარგავს პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია მმართველ გუნდს დავით გარეჯში არსებული სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებს და ამ კონტექსტში პრეზიდენტის განცხადებებზე მიუთითებს. საუბარია სალომე ზურაბიშვილის იმ გამოსვლებზე, სადაც ის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის მიზნით ორ ქვეყნას შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობდა.

მოქმედთან ერთად, დღეს შეფასებების თემა გახდა ყოფილი პრეზიდენტის შეთავაზებაც.

მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის ფუნქცია იკისროს. თუმცა, წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემაზე ექს-პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას, მისი ყოფილი თანაგუნდელებიც კი არასერიოზულად მიიჩნევენ.