სადავო კანონპროექტების განხილვა - თეონა მანაგაძე პარლამენტიდან

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე. წინააღმდეგობის მიუხედავად, თავდაპირველად წარდგენილი პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. დარბაზში მყოფი ოპოზიცია ხელისუფლებას ორივე ინიციატივის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდის ოპონენტები უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებულ პროექტებს რუსული კანონის ანალოგიად აცხადებენ. უცვლელია „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ პოზიცია – პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ორივე ინიციატივის ვენეციის კომისიაში გადაგზავნა და იქიდან მიღებული დასკვნების შესაბამისად შემდგომი საპარლამენტო განხილვების გაგრძელება იგეგმება. მათ შორის იგულისხმება ტერმინ „უცხოური გავლენის აგენტზე“ მსჯელობაც, რაც არანაკლები პროტესტის საგანია. ვნებათაღელვა გამოიწვია პლენარულ სხდომაზე სადავო კანონპროექტების დღეს გატანამაც – გეგმის მიხედვით, ხმაურიანი საკომიტეტო განხილვების შემდეგ ორივე ინიციატივა სხდომაზე ხუთშაბათს უნდა გასულიყო, თუმცა დღის მეორე ნახევარში გადაწყვეტილება შეიცვალა.

ბოიკოტი დროებით შეწყვიტეს და დარბაზში დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებიც.