სად გადის „წითელი ხაზები“ ოპოზიციისთვის

კოალიცია თუ გამოყენების ტაქტიკა – ურთიერთობა მწვავდება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი გახარიას პარტიას შორის.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რამდენიმე რეგიონის საკრებულოში თანამშრომლობა მძიმე ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა.

მოახლოებული არჩევნების წინ ყოფილი პრემიერის გუნდი ამომრჩევლისთვის იმის განმარტებას ცდილობს, ხელისუფლებაში მათი ლიდერის ყოფნის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მწვავე კრიტიკის მიუხედავად, თუ რატომ ითანამშრომლეს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან და რატომ აღმოჩნდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ხმებით თავმჯდომარის პოსტზე გახარიას თანაგუნდელი იმ საკრებულოებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ მოიპოვა. უკვე დღეს, გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ფორმით საარჩევნო პარტნიორობას გამორიცხავს და 2021 წლის ტაქტიკას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გამოყენებით ხსნის.

სწორედ წარსული თანამშრომლობის გათვალისწინებით პრემიერობიდან გადამდგარი და ოპოზიციაში წასული გიორგი გახარიას გუნდის მიმართ „ნაციონალურ მოძრაობას“ კითხვები აქვს.