საცდელი წვრთნები ბათუმში

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ნაციონალური წვრთნები იმართება.

სწავლებაში ჩართულია ექვსი გემი, ოთხი კატარღა, ორი ბუქსირი და ერთი ვერტმფრენი. ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობის მე-2 დონის დაღვრასთან ბრძოლისთვის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობის შემოწმებას. ასევე, კომპეტენტური ორგანოების კოორდინირებული მოქმედებების დამუშავებას ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციის, ავარიული გემებისთვის დახმარების გაწევის ფართომასშტაბიანი ოპერაციის ორგანიზებისა და ზღვასა და ხმელეთზე ნედლი ნავთობის დაღვრის ლიკვიდაციის სრულმასშტაბიანი ოპერაციის ჩატარების დროს.