საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება

15:14, 14.07.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ხუთი მოწმე იკითხება. ის მოწმეები, რომელთა განცხადების საფუძველზეც დაიწყო საქმის გამოძიება. საუბარია – ნანა კაკაბაძეზე, ვატო შაქარიშვილზე, ბიძინა გიორობიანზე, ლევან და გელა ნიკოლეიშვილებზე. ისინი სასამართლოში ჩვენებას ამ წუთებში აძლევენ. მოწმეების თქმით, მათ პროკურატურას მიმართეს და საქმის გამოძიება მოითხოვეს, ასევე მიაწოდეს მასალები. მათი თქმით, მტკიცებულებებია მთელი მათი საქმიანობა, ყველა ნაბიჯი, მათი ყველა განცხადება არის დანაშაულის შემცველი ქვეყნის წინააღმდეგ. პროცესს ბრალდებული პოლიტიკოსების ნაწილი ესწრება. მათი განცხადებით, საქმე აბსურდულია და 45-ტომიან საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს. რაც შეეხება წარმოდგენილ მოწმეებს – ბრალდებულების შეფასებით, მათ დაავალეს, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინათ და პროკურატურაში შეეტანათ. გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. ამ საქმეზე გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ხოლო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს — 1 000 000-ლარიანი გირაო.

მსგავსი