საბოტაჟის საქმე - სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 8 ბრალდებული პოლიტიკოსის სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთი მოწმე დაიკითხა, რომელმაც პოლიტიკური პარტიების ოფისები დაათვალიერა. დაცვის მხარის თქმით, საქმეში მათ წინააღმდეგ არაფერი დევს. სხდომაზე განისაზღვრა გასამართი პროცესების თარიღები. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესები კვირაში 2-ჯერ გაიმართება. გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი – 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.