საბოტაჟის საქმე - სასამართლო პროცესი

საბოტაჟის საქმეზე რვა ბრალდებული პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შვიდი მოწმე დაიკითხა, მათ შორის გამომძიებლები, რომლებმაც პარტიების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს. ასევე, დაიკითხა პარლამენტის აპარატის ერთი თანამშრომელი. პროცესს ბრალდებული პოლიტიკოსების ნაწილი დაესწრო. ისინი დღეს, ამავე საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებდნენ და აცხადებდნენ, რომ მნიშვნელოვანია, მას სათანადო სამედიცინო დახმარება,  დროულად გაეწიოს. ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საპატიმროს დატოვების შუამდგომლობა, პროცესზე დღეს დაცვის მხარემ დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც, ნიკა გვარამიამ სხდომათა დარბაზი, პროტესტის ნიშნად დატოვა. გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა გირჩი  ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. აღნიშნულ საქმეში ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი – ერთი მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.