საბოტაჟის საქმე – სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები იკითხებიან. სასამართლოში უკვე გამოიკითხა ერთ-ერთი მოწმე, ნინო ონიანი, ვინც ამბობს, რომ არის ჟურნალისტი და მას წყარომ მიაწოდა ე.წ რაციების ჩანაწერები. ადვოკატები აღნიშნული მოწმის ჩვენებას არასანდოდ მიიჩნევენ. გამოიკითხა საქმის ერთ-ერთი მთავარი გამომძიებელიც. დღესვე „საბოტაჟის საქმის“ სასამართლო პროცესზე დაიკითხება, პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, გელა ნიკოლეიშვილი. გასული წლის ნოემბერში პროკურატურამ გამოძიება სწორედ მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო. „ნეიტრალური საქართველო“ ოპოზიციის ლიდერებს დღესაც უცხო ქვეყნის აგენტობაში ადანაშაულებს და მტკიცებულებად ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური საქმიანობა და საჯარო განცხადებები მოჰყავს. ბრალდებული პოლიტიკოსების მხრიდან საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება. გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. ამ საქმეზე გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ხოლო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს – 1 000 000-ლარიანი გირაო.