საბოტაჟის საქმე – სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ოთხი მოწმე უნდა დაიკითხოს. ერთ-ერთი, ვინც „საბოტაჟის საქმის“ სასამართლო პროცესზე დაიკითხება, პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, გელა ნიკოლეიშვილია. გასული წლის ნოემბერში პროკურატურამ გამოძიება სწორედ მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო. „ნეიტრალური საქართველო“ ოპოზიციის ლიდერებს დღესაც უცხო ქვეყნის აგენტობაში ადანაშაულებს და მტკიცებულებად ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური საქმიანობა და საჯარო განცხადებები მოჰყავს. ბრალდებული პოლიტიკოსების მხრიდან საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება. გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. ამ საქმეზე გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი – 1 000 000-ლარიანი გირაო.