საბოტაჟის საქმე – სასამართლო პროცესი

12:04, 14.07.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 5 მოწმე დაიკითხება. ის მოწმეები, ვისი განცხადების საფუძველზეც, საქმის გამოძიება დაიწყო. მათ შორის დაიკითხებიან ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარაშვილი. პროცესს ბრალდებული პოლიტიკოსების ნაწილი ესწრება. მათი განცხადებით, საქმე აბსურდულია და 45-ტომიან საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათ ბრალეულობას დაადასტურებს. გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. ამ საქმეზე გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა გვარამიას, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი — 1 000 000-ლარიანი გირაო.

მსგავსი