საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ომბუდსმენს მოუსმენენ

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სახალხო დამცველს მოუსმენენ. საუბარია ბრალდებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, თემურ ჯანაშიას შესახებ ომბუდსმენის მიერ მომზადებულ დასკვნაზე.

კონკრეტული თარიღი, როდის გამოიძახებენ ნინო ლომჯარიას სასამართლოში, ჯერ უცნობია. მისი დასკვნის გაზიარების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა და განაცხადა, რომ ამ დასკვნით ომბუდსმენი წარდგენილ ბრალდებებში თემურ ჯანაშიას დანაშაულებრივ ქმედებებს ვერ ხედავს.

გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს დაკითხავენ, რომელიც, ბრალდების მხარის ინფორმაციით, სასამართლოს მიაწვდის ცნობებს პატაკების გასაიდუმლოებაზე, რომლითაც საბიუჯეტო თანხების ხარჯვა ხდებოდა. საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას.