საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მაკირიაკოს მიცოტაკისმა ტრაგედიის ადგილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ინციდენტის გამომწვევ მიზეზად ადამიანური ფაქტორი სახელდება. დაკავებულია სადგურის ხელმძღვანელი, რომელსაც არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული. თუმცა, ეჭვმიტანილი ბრალეულობას უარყოფს და მომხდარს ტექნიკურ გაუმართაობას აბრალებს. დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, თანამდებობიდან გადადგა ტრანსპორტის მინისტრი. სატვირთო და სამგზავრო მატარებლები ერთმანეთს სამშაბათს, შუაღამისას შეეჯახნენ, რის შედეგადაც მატარებლები ლიანდაგებიდან გადავიდა. სამგზავრო მატარებლის პირველ ორ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. საერთო ჯამში, სამგზავრო მატარებელს 350-მდე ადამიანი ათენიდან თესალონიკში გადაჰყავდა. ვარაუდობენ, რომ მგზავრთა უმეტესობა სტუდენტი იყო. გუშინ ღამით აქცია გაიმართა სარკინიგზო კომპანიის ოფისთანაც, რომელიც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.