საბავშვო ევროვიზია 2025
ზუსტად სამ საათში საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებისთვის ხმის ონლაინ-მიცემა დაიწყება.
ხვალ, საღამოს რვა საათზე საქართველოს დედაქალაქში პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ფინალური შოუ გაიმართება. მასშტაბური ღონისძიება, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყანა თვეების განმავლობაში ემზადებოდა, თბილისში უკვე მეორედ ტარდება. ოლიმპიურ სოფელში მოწყობილ სცენაზე 18 ქვეყანა წარდგება. მათ შორის იქნება 12 წლის ანიტა აბგარიანი, რომელიც საქართველოს წარადგენს. საქართველოდან და სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან თქვენ შეგიძლიათ, ხმა მისცეთ ქართველ კონკურსანტს და კიდევ ორ მონაწილეს. საბავშვო ევროვიზიის ვებ-გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია თითოეული გამომსვლელის სასცენო ნომრიდან 30-წამიანი ვიდეო. გამარჯვებული მაყურებლების და ჟიურის ხმების მიხედვით გამოვლინდება.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ ორგანიზებული საბავშვო მუსიკალური კონკურსის ფინალურ შოუმდე 24 საათზე ნაკლები რჩება. ერთი დღით ადრე გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. ერთწლიანი აქტიური სამზადისი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც კონკურსის თანაორგანიზატორი და სტუმრები, საქართველოს წარმატებული გზა 2011-დან 2025 წლამდე და საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში უკვე ოთხი გამარჯვება – ხვალ ევროპის ქვეყნების ყურადღების ცენტრში თბილისია, ჩვენი კონკურსანტი კი უდავოდ კონკურსის ერთ-ერთი ფავორიტია. 12 წლის ანიტა ბათუმიდანაა, ის პირველი არხის საბავშვო პროექტ „რანინას“ მერვე სეზონის გამარჯვებულია.