საარჩევნო რეფორმის პროექტი 

ერთთვიანი განხილვის და უთანხმოების შემდეგ საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი მზად არის. უკვე ინიცირებულია და საკომიტეტო განხილვებისთვის ამზადებენ დოკუმენტს, რომელიც პარლამენტში ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის შესვლის წინაპირობა გახდა. მმართველი გუნდის და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მასშტაბურ და ისტორიულ რეფორმად მიჩნეული კანონ-პროექტით ჩნდება შანსი, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერმა დაიწიოს ან საერთოდ ბუნებრივი ბარიერი იყოს, ხმის მიცემის და ხმების დათვლის პროცესში ჩნდება ელექტრონული მექანიზმები, იცვლება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების და დავების განხილვის წესი. თუმცა იმისთვის, რომ საარჩევნო ბარიერმა დაიწიოს, საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 113 ხმაა საჭირო, რაც დანარჩენი ოპოზიციის ხმების გარეშე ვერ მოგროვდება. ალეკო ელისაშვილმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს რეფორმის განხილვაში ჩართვა და კენჭისყრაში მონაწილეობა დღეს კიდევ ერთხელ სთხოვა.