საარჩევნო რეფორმა - მმართველი გუნდისა და ოპოზიციის არგუმენტები

ევროკომისიის მეორე პუნქტზე ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა ქართული მხარისთვის ცნობილია. საუბარია ერთი მოსმენით მიღებულ საარჩევნო რეფორმის პროექტზე, რომელიც ორი თვის წინ „ქართულმა ოცნებამ“ შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნა. კანონპროექტის ავტორი, გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ დასკვნის სამუშაო ვერსია პოზიტიურია, თუმცა არის გარკვეული რეკომენდაციებიც. იმის გამო, რომ დოკუმენტი ჯერ მხოლოდ მმართველი პარტიისთვის არის ხელმისაწვდომი და ამ დრომდე არ გასაჯაროებულა, ოპოზიციის ნაწილი შეფასებებისგან თავს იკავებს. უფრო რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საარჩევნო რეფორმის მოსამზადებლად ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფს თავიდანვე გაემიჯნენ და ალტერნატიული პროექტი შეიმუშავეს. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი, ელექტრონული არჩევნების მეთოდის უბნების მხოლოდ 70%-ში დანერგვა და არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის ფორმა ის მთავარი სადავო საკითხებია, რომელთა გამო ოპოზიციის ნაწილი საარჩევნო რეფორმის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.