საარჩევნო რეფორმა

ახალ საარჩევნო რეფორმას იურიდიული კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს.

ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის საფუძველზე პირველი მოსმენით დამტკიცებულ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში დამატებით კიდევ 13 ცვლილება შედის. ექნება თუ არა ახალ საარჩევნო რეფორმას ოპოზიციის მხარდაჭერა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დოკუმენტის განხილვის შემდეგ გაირკვევა. ოპოზიციას შორის ამ დრომდე ურთიერთბრალდებების საფუძველი გუშინ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ და სამუშაო ჯგუფებს გამიჯნულმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო საკითხებზე ორი დახურული შეხვედრა გამართეს, რასაც საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილის აღშფოთება და მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი ოპოზიციონერ კოლეგებს მმართველ გუნდთან ვაჭრობაში ადანაშაულებენ და მეტ განმარტებებს ითხოვენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბრალდებებს უარყოფენ და ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციაში პრობლემას ვერ ხედავენ.