რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი

ახალციხეში რეწვის სახელოსნოების პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. რაბათის ციხეზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულმა რეწვის ოსტატებმა საკუთარი ნამუშევრები  გამოფინეს. ფესტივალში ადგილობრივების გარდა, თურქეთიდან, ლატვიიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან,  თურქმენეთიდან და  უზბეკეთიდან  ჩამოსული  ხელოვანები იღებენ  მონაწილეობას. სამდღიანი  ღონისძიების  ფარგლებში, ღია მასტერკლასები მოეწყობა.

ფესტივალის ფარგლებში, მუზეუმი დამთვალიერებელს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს ბავშვებისთვის და უნიკალურ გამოფენას სახელწოდებით – XIX – XX საუკუნეების ტრადიციული სახელოსნოები საქართველოში, სადაც  მუზეუმის არქივში არსებული ძველი სახელოსნოების ფოტომასალაა წარმოდგენილი, ასევე გამოფენილია ძველი ფოტოების მიხედვით დამზადებული მაკეტები. ფესტივალის მიზანი ტრადიციული რეწვის  დარგების პოპულარიზაცია, ადგილობრივი ოსტატების მხარდაჭერა,  სახელოსნოების ინსტიტუციის აღდგენის ხელშეწყობა და ვიზიტორების მოზიდვაა.