საარჩევნო გარემო ზუგდიდში  

ზუგდიდში, კვირას დაგეგმილი მერის რიგგარეშე არჩევნების გარშემო, პოლიტიკური ურთიერთბრალდებები სულ უფრო მწვავდება.

მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებს და 19 მაისს ოპონენტების მხრიდან არეულობის და პროვოკაციის საფრთხეზე საუბრობს. ორივე პარტია შიდა კვლევებზე დაყრდნობით საკუთარი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია.

სწორედ ზუგდიდში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი 12 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ მიმართვაში. უფლებადამცველები არჩევნების დღეს ფიზიკური დაპირისპირების მაღალ რისკზე მიუთითებენ და პოლიტიკურ ძალებს აგრესიისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა დღესაც დაპირისპირების ადგილად იქცა.