საარჩევნო გარემო - შეფასებები

სახალხო დამცველის განცხადებით, წინასაარჩევნოდ რამდენიმე პარტიამ ომბუდსმენს დახმარების თხოვნით მიმართა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, პარტიები საუბრობენ იმაზე, რომ მათ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალით ემუქრებიან, თუმცა სამართალდამცავებისთვის ჯერ არ მიუმართავთ. ომბუდსმენი იმედს გამოთქვამს,რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მომხდარზე შესაბამისი რეაგირება იქნება.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყება წინასაარჩევნოდ ყველანაირი  დარღვევის ფაქტებზე რეაგირებს და ოპოზიციური პარტიები სამინისტროს ვერ დაადანაშაულებენ, რომ შესაბამისი მიმართვის შემთხვევაში, შსს მოკვლევასა და გამოძიებას არ იწყებს.

წინასაარჩევნო გარემოზე დღეს კომენტარები გააკეთეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც. ევროკავშირისა და ამერიკის ელჩები იმედს გამოთქვამენ, რომ წინასაარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე ადეკვატური რეაგირება იქნება და ეს პროცესი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ჩრდილს არ მიაყენებს.