საარჩევნო ბარიერი და ოპოზიციის გეგმა

კითხვა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტიურდება – დაიწევს თუ არა 5%-იანი ბარიერი.

ოპოზიციის დღის წესრიგში ერთი მოსმენით მიღებული და შეჩერებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი აქტიურდება. ოპონენტები ხელისუფლებას ბარიერის შემცირებისკენ მოუწოდებენ. მმართველი გუნდი ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ბარიერის დაწევის საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავს, თუმცა, თემას სადისკუსიოდ ტოვებს. თუ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს დავეყრდნობით, 5%-იანი ბარიერის პირობებში პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ ორ პარტიას –  „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ამიტომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან გაერთიანების გზებს ეძებენ. თუმცა, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის გარშემო ერთობის შექმნა ამჯერად აქტიურად არ განიხილება. ცალკეული ოპოზიციური ძალები მესამე ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე იწყებენ საუბარს.