სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების ფარგლებში დაკავებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საუბარია ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის ეპიზოდზე. პროცესზე მსჯავრდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლეს. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. სამ მათგანს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურა სამივეს 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას სდებდა ბრალად. დანარჩენ ხუთ ბრალდებულს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ პირებს პროკურატურა 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.