სააპელაციო სასამართლო სათხილამურო ტრასაზე გარდაცვლილ სალომე ტატიშვილის საქმის განხილვას იწყებს

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე ორი წლის წინ გარდაცვლილ 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო დღეს იწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც დაზარალებული მხარის ინტერესებს გამოძიების ეტაპიდან იცავს, პრესკონფერენცია გამართა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო და 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებული განაჩენით ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი გაამართლა.

საია-ში აცხადებენ, რომ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული არ ათავისუფლებს პირს ვალდებულებისგან და მისი დაუსჯელად დატოვება საშიშ პრეცედენტს ქმნის.

ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საქმეს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და კანონმდებლობის გათვალისწინებით კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.