საახალწლო სამზადისი რეგიონებში

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. საახალწლო ღონისძიება იმართება მესტიაში. ცენტრალურ სკვერში მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები.

მესტიაში ახლა თოვს, რაც განსაკუთრებულ საახალწლო განწყობას ქმნის. ღონისძიება სვანეთში ჯგუფ „გორდელას“ და ოთო ნემსაძის კონცერტით დასრულდება.

საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს ხარაგაულში. ცენტრალურ პარკში განთავსებულია საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა და საბავშვო სივრცეები. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თოვლის ბაბუის სივრცე, სადაც პატარებს საახალწლო საჩუქრები ურიგდებათ. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი კულტურული და შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, ამ წუთებში კონცერტი მიმდინარეობს. 20 საათზე კი საზეიმო ვითარებაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება.

კასპში საშობაო ბაზრობა მოეწყო. მთავარ ნაძვის ხესთან განთავსებულია საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო გასართობი სივრცეებიც. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს ურიგებს. დღის განმავლობაში იმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.