საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ქარელში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები, პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ თოვლის პაპასა და ელფებს შეხვედროდნენ. დღის ბოლოს კი, ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე მარიკო ებრალიძე, მაია ბარათაშვილი, ზაზა მარჯანიშვილი და სხვა შემსრულებლები წარდგნენ. საახალწლო საღამო ფეიერვერკით დასრულდა.
საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე წალენჯიხაშიც. შეკრებილებს დამდეგი შობა-ახალი წელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა. ადგილობრივების საახალწლო განწყობაზე იზრუნეს „რანინას“, დუეტ „ჯორჯიასა“ და ქართული ესტრადის სხვა ცნობილმა წარმომადგენლებმა. საახალწლო ნაძვის ხე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში აინთო და გრძელდება საახალწლო კონცერტები. ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის, კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით იმართება.