ვანში, ცენტრალურ მოედანზე მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. პატარების განწყობაზე კი ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა ზრუნავდნენ. საზეიმოდ აინთო მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხეც, რის შემდეგაც გალა კონცერტი გაიმართა. კონცერტში ქართული ესტრადის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ.
საახალწლო ღონისძიება გაიმართა დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერშიც. ღონისძიება კულტურულ და გასართობ აქტივობებს აერთიანებდა. საბავშვო პროგრამის ფარგლებში გაიმართა ანიმაციური წარმოდგენები და სხვადასხვა თემატური აქტივობა. თოვლის ბაბუამ კი ბავშვებს საჩუქრები გადასცა. დღის ბოლოს საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე და საღამო ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.
საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო ჩხოროწყუშიც. დამდეგი შობა-ახალი წელი შეკრებილებს მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცეს. ზეიმი საახალწლო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საახალწლო ღონისძიებები ჩხოროწყუში თითქმის ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.