ონში საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ონის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა. მიმდინარეობს საბავშვო გასართობი აქტივობები, ასევე ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საღამოს იმართება გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ნუგზარ კვაშალი, დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, ნუცა ბუზალაძე, დათო არჩვაძე, მერაბ ვარდოსანიძე, აჩიკო ცანკაშვილი, გიორგი წიკლაური, „ჩვენი კვარტეტი“, „ქართული ხმები“ და დავით მაზანაშვილის ბენდი. 19:00 საათზე ანსამბლ „რაჭის“ მიერ შესრულებული ქართული მრავალჟამიერის ფონზე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. სადღესასწაულო ღონისძიება იმართება თიანეთში. ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მოწყობილია საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. მიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. დაგეგმილია საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიაც. საახალწლო პროგრამა 13:00 საათიდან დაიწყო და დღის ბოლოს კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. ახალი წლის დღეები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს უკვე მეოთხედ იმართება. ღონისძიებები 21 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საახალწლო ღონისძიებები იმართება ზესტაფონში, საგარეჯოსა და სიღნაღშიც.